კახა კალაძე - წარმატებებს ვუსურვებ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ პრობლემებს
თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ის ყოველთვის გვერდით ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს.
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებს კახა კალაძე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
„მინდა, მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც. წლევანდელი ჩვენი ბიუჯეტი არის მართლაც განსხვავებული წინა წლებთან შედარებით და ამით ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ძალიან ბევრია, აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების თანადგომა.
„ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთობა, მნიშვნელოვანია ერთად დგომა და და ეს გუნდურობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღირსეულად დავუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც აქტუალურია დღეს ქალაქში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძე წარმატებებს უსურვებს გიორგი გახარიას, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგი გახარიას, ასევე მინისტრობის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ურთიერთთანამშრომლობით მოვახერხებთ, მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ თბილისისთვის. ჩვენ ვიცით, რამდენი პრობლემებია დედაქალაქში ამას სჭირდება ძლიერი ზურგი ცენტრალური ხელისუფლების თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტიდან შესაძლებელი იყოს მეტი და უფრო დიდი ტრანსფერის გაკეთება, რომ შევძლოთ მოვაგვაროთ პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისის მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად გავუმკლავდეთ ქალაქში არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.