კახა კალაძე - ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნებისმიერი პოლიტიკოსი, პარტია ქვეყნის ინტერესს უნდა ატარებდეს და მისი განვითარებისთვის დგამდეს ნაბიჯებს
კახა კალაძე - ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს, ნებისმიერი პოლიტიკოსი, პარტია ქვეყნის ინტერესს უნდა ატარებდეს და მისი განვითარებისთვის დგამდეს ნაბიჯებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განაცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლა არ სურს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტს უფრთხილდება.

„მის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში არ შევდივარ. ვითვალისწინებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამ ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა პოლემიკაში შესვლა. რა თქმა უნდა, ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. ნებისმიერი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია საკუთარი ქვეყნის ინტერესს უნდა ატარებდეს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ყველას ჰქონდეს გააზრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვის საპასუხოდ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ინტეგრაციას არც მიხეილ სააკაშვილთან და არც ნიკა გვარამიასთან.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.