კახა კალაძე - ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს
ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კრიმინალის დონის მატების შესახებ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
„ეს არის ტყუილი. ყველაფერი არის შედარებითი. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ხოლმე, როცა ჩვენ წარსულს ვიხსენებთ და მოდი, ვნახოთ, 2012 წლამდე რა ხდებოდა კრიმინალთან დაკავშირებით და გავაკეთოთ შედარებები. ყველაფერი არის შედარებითი. აშკარად დავინახავთ, რომ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. თუ იმას ვიტყვით, მოგვწონს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, არა. გვინდა, ბევრად უკეთესი იყოს. ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოძლიერდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი მიმართულება, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ძლიერი, როგორც განვითარებული ევროპული ქვეყნები. მათ არ სიამოვნებთ წარსულზე საუბარი, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ, რადგან ისინი ჯერ კიდევ არიან პოლიტიკურ ველზე და ჩვენ ვართ ხელისუფლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი არის შედარებითი.
„რა გავაკეთეთ ჩვენ, უნდა შევადაროთ რაღაცას, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, ასევე მომავალი როგორი გვინდა, იყოს საქართველო და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანდეს იმ ძალიან დიდ, მაგარ ოჯახში, რომელსაც ევროპა ჰქვია. რა რეფორმები უნდა გატარდეს ამისთვის, აი ამას ვსაუბრობთ ჩვენ ჩვენს ყოველდღიურობაში და ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.