კახა კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ უვიზოს, ვიწყებთ პროცესს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი
ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია ბიუროკრატიულად და ყველანაირი თვალსაზრისით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებები კიდევ უფრო გამძაფრდება.
„რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ „ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესს, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“. ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, რაზეც ვსაუბრობდი. ზუსტად ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე და არ უარყოფს ზოგიერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება ასეთი განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობო სექტორიც ისეთსავე როლს თამაშობს, როგორსაც პოლიტიკოსები.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნუ გამოვყოფთ, რადგან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს. დღეს ზღვარი წაშლილია და არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, აგენტები. ეს არის აგენტურის ქსელი, რომლის შექმნისთვის უცხოეთიდან ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, რათა ქვეყანა ემართათ გარედან. დასჭირდებოდათ და შეცვლიდნენ ხელისუფლებას, სხვას დააყენებდნენ და იტყოდნენ, რომ ეს არის ხალხის არჩეული. დღეს ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ის გარედან თავს მოხვეული პროცესები, რაც გვქონდა, მერწმუნეთ, ჩაბარდება წარსულს.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, დარბიან ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია დააზიანონ და ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. არ გახსოვთ, პოლიტიკოსები რომ დარბოდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მომხდარიყო, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს და ა.შ.? მავნებლები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.