კახა კალაძე - ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მთავრობა იღებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენერალური გეგმის განხილვის დროს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას – გენგეგმას მივიღებთ თუ არა. ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორი განვითარება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია.
„როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. რას ჰქვია არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა მიდგომებია ეს?! ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ქალაქის სწორ განვითარებას ეფუძნება.
„ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა. მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს. გენგეგმის დოკუმენტი „სითი ინსტიტუტის“ მიერ არის მომზადებული.
თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა აღნიშნულ დოკუმენტზე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა.
როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, გენგეგმის არსებული ვერსიის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს გაუჩნდება განცდა, რომ მშენებლობა ყველგან შეუძლია.
მისივე თქმით, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია.