კახა კალაძე - ვისაც საერთოდ თითი არ დაუკარებია არაფერზე, კეთილი ინებოს, ხალხს მაინც ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას
დავით მესხიშვილის ნაექსპერტალი მე არაფერი მინახავს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მეტრო დღეს არ არის უსაფრთხო და პრობლემები, რომელიც არსებობს, არაკომპეტენტურობასთან არის პირდაპირ კავშირში.
კახა კალაძის თქმით, 20-25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მეტროში და ახლა შეურაცხყოფის მიყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ მეტროში, მიუღებელია.
„დავით მესხიშვილის ნაექსპერტალი მე არაფერი მინახავს. რაც შეეხება სამუშაოებს, მთელი 20-25 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მეტროში. ერთადერთი დავით ნარმანიას დროს დაიწყო მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია.
მათ საერთოდ თითი არ დაუკარებიათ არაფერზე კეთილი ინებონ, ხალხს მაინც ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას. არაპროფესიონალებს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ მეტროში, ემსახურებიან თბილისა და თბილისელებს.
15 ვაგონის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და სექტემბერში დაემატება მეტროს. დაახლოებით 60 პროცენტით გაიზრდება არსებული ვაგონების რაოდენობა და ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, მაგრამ ამით ვამთავრებთ რეაბილიტაციის სამუშაოებს, რადგან დანარჩენი ძველი ვაგონები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. ყველანირი რესურის აქვს ამოწურული და შესაბამისად მოგვიწევს ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვა, რათა მეტრომ უპრობლემოდ მოახერხოს მგზავრთა ნაკადის გადაყვანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, დაწყებულია სამუშაოები, რათა მოხდეს რეაბილიტაცია ძალოვანი კაბელის, ასევე სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების.
„პრობლემები არის. უკვე დაწყებული გვაქვს პროექტი ძალოვანი კაბელის ცვლიებასთან დაკავშირებით. 1966 წელს, როდესაც დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, მას შემდეგ არანაირი ცვილება არ ყოფილა ძალოვანი კაბელის. იმ დროს გაკეთებული, დღესაც მუშაობს და ფუნქციონირებს და აუცილებელია ამის მოწესრიგება. ასევე მოსაწესრიგებელია სავინტილაციო სისტემა, სიგნალიზაცია და რელსები.
17 მილიონი დოლარი გამოგვიყო აზიის განვითარების ბანკმა ამ პროექტის განვითარებისათვის, უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ივნისის ბოლოსთვის დაიწყება უშუალოდ სამუშაოები. ამ სამუშაოების დაწყების დროს შეიძლება შემცირდეს მეტროს სადგურის მუშაობა, როგორც დილის ასევე საღამის საათებში, რომ კომპანიას მეტი დრო ქონდეს სწრაფად დაასრულოს 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლიუს ასევე სასიგნალიზაციო, სავენტილაციო სისტემების ცვლილება“, – განაცხადა კახა კალძემ.