კახა კალაძე - ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზებით, მთავრობის დამხობით ამ ქვეყანაში რაიმეს მიაღწევს, ძალიან ცდება
ზურაბ ჯაფარიძე არ მალავს იმ ზრახვებს, რაც აქვს, რისი სურვილიც აქვს, რომ ქვეყანაში რაღაც დაპირისპირება, არეულობა მოაწყოს, ერთ-ერთ ინტერვიუშიც წამოცდა კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით, იმ გეგმებზე, რაც ჩაფიქრებული აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზებით, მთავრობის დამხობით, ჩამოგდებით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება.
„საქართველო ნამდვილად იმსახურებს სტატუსის მიღებას, იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რაიმე ჰქონდა გაკეთებული, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ და ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. თემად აქვთ აწეული, თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, ეს უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლით. მეგობრებო, სიტყვის, გამოხატვის , შეკრების თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ვინმე თუ ფიქრობს და წარმოუდგენია, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზებით, მთავრობის დამხობით, ჩამოგდებით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, რათა მოხდეს ქვეყნის განვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.