კახა კალაძე - ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ მშვიდობას შეუძლია, აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად
ტრადიციად იქცა „თბილისობა“, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული, ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისმა ბევრი ბრძოლა გადაიტანა, რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს .
„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია.
ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა „თბილისობა“, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია, აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად. კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი.
თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა მერმა.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2024 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. საპატიო თბილისელის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა.