კახა კალაძე - ვიღაცას ერთი ბატონის მეორით ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია თუ ჰგონია, ეს ასე არ არის
ჩვენ, ყველას გვინდა ევროპა, მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა გვინდა ჩვენს ქვეყანაში, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იცავს იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროპა დგას.
„ჩვენ, ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ, პირველ რიგში, ევროპა საქართველოში გვინდა. ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, აქ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენს ქვეყანაში. რა არის ევროპა, რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ის დგას? – სამართლიანობა, განსხვავებული აზრის მიღება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ევროპა მინდა“ და „ევროპული მომავალი მინდა“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე და ა.შ. ჩვენ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი. დღესაც ხომ გრძელდება ეს ბრძოლა. ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორით ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილისა და მისი მამის, როინ ქოჩორაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.
„რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“ – აღნიშნა კახა კალაძემ.