კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
პარკში უკვე მოეწყო ამფითეატრი, სათამაშო მაგიდები, ბაქანი, საჩრდილობელი, საგამოფენო სივრცე. ადგილზე დარჩენილია სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები.
თითქმის დასრულდა ღობის, საკალათბურთო მოედნისა და პარკში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; დასრულდა კანალიზაციის სისტემის მოწყობა; ბოლო ეტაპზეა განათების, სარწყავი სისტემისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მონტაჟი; მიმდინარეობს მშრალი ტიპის შადრევნის მოწყობა და სრულდება არსებული კლასიკური შადრევნის რეაბილიტაცია; თითქმის დასრულდა ბეტონის საფეხმავლო ბილიკებისა და ველობილიკის მოწყობა; მიმდინარეობს ბილიკებზე ლითონის ჩამკეტების მონტაჟი და მიწის სამუშაოები; უახლოეს პერიოდში დაიწყება გამწვანების სამუშაოები.
პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, ასევე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, კორტები და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები.
პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარზე მეტია.