კახა კალაძე - ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს დღეებში წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენს, თუმცა მანამდე მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება დგას, მშვიდობის შენარჩუნება პრიორიტეტულია.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან. გუშინ სამცხე-ჯავახეთში ვიმყოფებოდით. ვნახეთ, რამდენი ადამიანი შეიკრიბა. ძალიან მაგარი მუხტი და განწყობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი გზავნილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ მშვიდობა არ გვექნება. ჩვენს წინაშე დღესაც არსებობს საფრთხე მეორე ფრონტის გახსნის, ეს სურვილი მოდის ქვეყნის გარედან და ამას ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია. ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოახდენს.
გარდა ამისა, ჩვენ მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს პროგრამას, რის გაკეთებას ვაპირებთ შემდეგ ოთხ წელში. თუმცა ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული არის მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელსაც შესაბამისი გამოძიება სჭირდება.
„ადამიანმა შეიძლება, შეცდომა დაუშვას, გააანალიზოს და ბოდიში მოიხადოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კი არის რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა და დღესაც იმავეს აკეთებენ. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, მოაწყონ რევოლუცია, გახლიჩონ საზოგადოება. დანაშაულს, რომელიც ამ დაჯგუფებამ ჩაიდინა, დასჭირდება შესაბამისი გამოძიება, რათა საზოგადოებამ კონკრეტული პასუხები მიიღოს. ეს ძალიან მძიმე საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღესაც ვიმკით 2008 წლის ომის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.