კახა კალაძე - ვერავინ გაბედავს, ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლება შეუზღუდოს, თუმცა კანონის დარღვევის საშუალებაც არავის მიეცემა
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ გაბედავს, მოქალაქეებს შეუზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის.
თუმცა, კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მოქმედებები კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. კალაძე ამბობს, რომ გუშინ დაირღვა კანონი და პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა.
„ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ჩვენ მოვიპოვეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება 2012 წლის შემდეგ, აზრის გამოხატვის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, რამდენად განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მშვიდობიან ფორმაში, კანონიერი გზით. თუკი გაცდებიან კანონის ჩარჩოებს, ამას შესაბამისად მოყვება რეაგირება, რაც იყო. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გზა იყოს გადაკეტილი და გზა არის გადაკეტილი, ეს არის კანონდარღვევა, არ შეიძლება“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება არის დანაშაული და ამ ფაქტს რეაგირება მოჰყვა. კალაძის თქმით, აქციის მონაწილეები შესაბამისმა სამსახურებმა გააფრთხილეს.
„სანამ ადამიანების გაწევა მოხდებოდა, მათ მიმართა მერიის სამსახურის წარმომადგენელმაც და საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმაც, მისცეს დრო, რომ თვითონვე გადაეტანათ ნივთები. სხვათაშორის, რამოდენიმე ქუჩაზე თვითონ დადგნენ, იქ კინოს უყურებდნენ, გადაიტანეს ყველა ტექნიკა, არ შეუქმნიათ არანაირი პრობლემა. ერთი კონკრეტული ქუჩა იყო, სადაც არ მიიღეს ეს ინფორმაცია და გაწიეს წინააღმდეგობა“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტთან გუშინ წყლის ჭავლი გამოყენებული იყო.
„იყო გამოყენებული, როგორც დავინახე. მანამდე ისიც ვნახე, რომ საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენელი იქ მყოფ ადამიანებს მოუწოდებდა, მისცეს გონივრული ვადა, ტერიტორიის გასათავისუფლებლად, რათა მოძრაობა შესაძლებელი ყოფილიყო“ ,- განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
„პარლამენტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, რა ფორმაზე მეკითხებით, არ ვიცი. პარლამენტის ბლოკირების უფლება არავის მიეცემა. ვერავინ გაბედავს, თავიანთი მოსაზრებების გამოხატვის უფლება შეუზღუდოს ამ ადამიანებს, რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრებები ჰქონდეთ სხვადახვა საკითხზე. კანონის ფარგლებში ამ ადამიანებს აქვთ ამის უფლებაც და შესაძლებლობაც. ვერავინ გაბედავს შეზღუდვას, თუმცა თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.