კახა კალაძე - ვერანაირი პოლიტიკა, ჟურნალისტიკა ვერ იქნება ფარი, თუ შენ ჩადიხარ დანაშაულს, პოლიტიკოსები ჩვენი ქმედებით პირიქით, უნდა ვიყოთ საჩვენებლები
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა.
„ვერანაირი პოლიტიკა, ჟურნალისტიკა ვერ იქნება ერთგვარი ფარი, თუ შენ ჩადიხარ დანაშაულს. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენ, პოლიტიკოსები ჩვენი საქციელით, ქმედებებით, მოღვაწეობით პირიქით, უნდა ვიყოთ საჩვენებლები, რადგან ბევრი ადამიანი გვიყურებს, გვაქვს უამრავი მხარდაჭერა, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში ხარ. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულება და პოლიტიკოსების მხრიდან საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე, მელია გავიხსენოთ, ადამიანი არღვევს კანონს, გამოდის, აგდებს სამაჯურს, იძახის, ვერ დამიჭერთ, ვერაფერს იზამთ, ვერ აღასრულებთ კანონს, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონია უზენაესი, პოლიტიკოსების მხრიდან ეს მიდგომა არის ძალიან დამაზიანებელი. შეთანხმება არის სუფთა პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ჩართული იყვნენ საერთაშორისო მეგობრები, ამ დოკუმენტის ხელმოწერითაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ვართ პარტია, რომელიც ძალიან აფასებს იმ ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დიდი ოჯახი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც სხვა პარტიების ხელმოწერაც.
მოდი, გავიხსენოთ გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს პარლამენტში შესვლაზე, იგივე ალეკო ელისაშვილის პარტია, იგივე მახსოვს, როცა იაგო ხვიჩია შედიოდა, რა დღეში ჩააგდეს, როგორი ბულინგი, შურაცხყოფა მიდიოდა ამ ადამიანების მიმართ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მეგობრების ჩართულობით მოხდა გარკვეული შეთანხმება“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, ყველა პარტიამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნეა და აქვს სურვილი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ნორმალურ ჩარჩოებში წარიმართოს, მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს.
„ერთადერთი პოლიტიკური პარტია რჩება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გამოირჩევა თავისი დესტრუქციით, თავისი არ ვიცი, რა დავარქვა იმ ყველაფერს, რასაც ეს ადამიანები განსაკუთრებით ბოლო წლებში აკეთებენ, ძალიან დამაზიანებელია პირველ რიგში მათთვის. მოვისმინეთ განცხადებები დეპუტატების, ჩვენი უცხოელი მეგობრების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ხელს არ აწერენ და ეს არ არის ლამაზი ფორმა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა. დამოკიდებულება, რაც არის პარტიებს შორის – პოლარიზაცია, დაპირისპირება პირველ რიგში დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და დამთრგუნველია საზოგადოებისთვის. ხალხს სჭირდება მომავალზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.