კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ მე ანტიდასავლური განცხადება გამეკეთებინოს, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა
კახა კალაძე - ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ მე ანტიდასავლური განცხადება გამეკეთებინოს, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა

გამიხარდებოდა, მოგვესმინა, რომელ განცხადებაზეა საუბარი. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ განცხადებას, ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ მე ანტიდასავლური განცხადება გამეკეთებინოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამ კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა: „ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით დაგასახელათ, რომ თქვენ აკეთებთ ანტიევროპულ განცხადებებს“.

„თქვენ ანტიდასავლურს თუ უწოდებთ პასუხს კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც იყო ჩვენი ქვეყნის, ასევე მოსახლეობის შეურაცხყოფა, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ან როდესაც თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, არც ეს უნდა გაატარო. მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მიაწოდო სწორი ინფორმაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ასეთი ტიპის ევროპა არ გვჭირდება, მე ვსაუბრობ იმ შეურაცხყოფებზე, რაც ისმის კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც გვევლინებიან, როგორც საქართველოს მეგობრებად. რეალურად, ამ ადამიანებს არც დემოკრატიასთან, არც ევროპასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის განცხადება, როდესაც, მაგალითად, სტატუსის მიღების და ევროკავშირში გაერთიანების საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის საკითხს იყენებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, – „თქვენი განცხადებები არ არის ევროპის საწინააღმდეგო?“ – კახა კალაძემ უპასუხა: „რა შეკითხვასაც თქვენ სვამთ, ეს არის მონური აზროვნება და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროპაში შესვლა ან სტატუსის მიღება მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით არის შესაძლებელი“.