კახა კალაძე გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო [ფოტო]
თბილისის მერი კახა კალაძე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
კალაძის ინფორმაციით, სრულად იცვლება პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის მერის ცნობით, პროექტის ღირებულება ორი მილიონი ლარია და სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.
„მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. არაერთხელ გვისაუბრია, რომ გვაქვს ქალაქში მწვანე სივრცეების ნაკლებობა, არსებულ პარკებში არის სერიოზული პრობლემები და მთლიანად დაგეგმილია მომდევნო წლებში მათი განახლება – რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ პარკს რაც შეეხება, მოწყობა ველობილიკი, ბავშვებისთვის სათამაშო სივრცეები, ფანტანი მთლიანად რეაბილიტირებული და შეცვლილი იქნება. მოეწყობა კაფე დამსვენებლებისთვის. ველობილიკი დაახლოებით 700 მ იქნება მთელ წრეზე და მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოდის. ასევე სკვერში მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე“, – განაცხადა კახი კალაძემ .
რაც შეხება პარკში მოჭრილ ხეებს, კახი კალაძის განცხადებით, 400 ძირი ფიჭვი მოიჭრა, რომელიც გამხმარი იყო. სანაცვლოდ კი დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და ექვსი სახეობის 2300 ძირი ბუჩქი.
„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, მხოლოდ ამ პარკს არ ეხება – ფიჭვების თვალსაზრისით ქალაქში სერიოზული პრობლემაა. დაახლოებით 200-მდე ხე არის უკვე უვარგისი და მონიშნულია, რომ მოიჭრას. დღეს აქ 460 ახალი ძირი ხე დაირგვება, მგონია, რომ ლამაზი და საჩვენებელი პარკი იქმნება“,- განაცხადა კალაძემ.