კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო.
კახა კალაძის განცხადებით, საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის მოედნები თბილისის ყველ უბანში გაკეთდება.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ვარკეთილში კეთდება სრული სტანდარტების დაცვით საფეხბურთო მოედანი, რომელიც იქნება ხელოვნურსაფარიანი, ასევე გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე და ირგვლივ იქნება ყველაფერი მოწყობილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, ასეთი სპორტული მოედნები ყველა რაიონში იყოს“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, საფეხბურთო კომპლექსი, რომელიც ვარკეთილი 3-ის IV მიკრორაიონში შენდება, მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხელოვნურსაფარიან მოედანს, 220-250 ლუქსიანი განათებით, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, რომელიც შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი პლატფორმით იქნება აღჭურვილი, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით და ხელოვნურსაფარიან მცირე ზომის მოედანს.
აღნიშნული კომპლექსის მოსაწყობად, 18 243 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თბილისის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში. პროექტის საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს კახა კალაძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გაეცნო.