კახა კალაძე - ვანდალიზმი თბილისში ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა და მას ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ
ბოლო პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სპეციალური აპარატურით აღჭურვილი 18 შუქნიშანი დააზიანეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში ინკლუზიურობის პრინციპით ხორციელდება და მოქალაქეები ვალდებული არიან, საერთო ქონებას გაუფრთხილდნენ.
„როგორც ვთქვი, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ინკლუზიურობის პრინციპით და არის ადაპტირებული. შუქნიშნებზე დამონტაჟებულია განსაკუთრებული დაცვის ღილაკი, რომელიც აღჭურვილია აკუსტიკური მახასიათებლებით. ასევე, შუქნიშნის სხვადასხვა ფაზა ინტეგრირებულია ხმოვანი სიგნალითა და ვიბრაციით. ბოლო პერიოდში ასეთი 18 მოწყობილობა დააზიანეს, რაც ძალიან სამწუხარო და ცუდია. ისინი განკუთვნილია მცირემხედველი ან უსინათლო პირების გადაადგილებისთვის და თითოეულის ღირებულება 2 500 ლარს შეადგენს. სამწუხაროა ასეთი ფაქტები და, ზოგადად, ვანდალიზმი, რომელიც ქალაქში გვაქვს. ასე არაფერი გამოვა. თუ მუნიციპალიტეტი ვალდებულია, რომ ქალაქზე იზრუნოს, გაითვალისწინოს თითოეული მოქალაქის საჭიროება და მათი უსაფრთხოება, ასევე ვალდებულია თითოეული მცხოვრები, გაუფრთხილდეს საერთო ქონებას, ქალაქს, ინფრასტრუქტურას. ჩვენ ერთად ვქმნით და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. თუ ჩვენვე დავაზიანებთ, ჩვენვე დავამტვრევთ, ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა გაგვიჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ვანდალიზმი ქალაქის განვითარებისთვის შემაფერხებელია, ამ გამოწვევასთან გამკლავება კი მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„პროექტებს, რომელსაც ვახორციელებთ, შემდეგ ჩვენვე ვამტვრევთ. უამრავი ასეთი ფაქტია, რომელიც მძიმეა და მოქალაქეებში გაღიზიანებას იწვევს. მინდა, ვთხოვო ყველას, განსაკუთრებით უფროსებს, რომ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და თუ წავაწყდებით მსგავს ფაქტებს, რომელთა ჩამდენიც, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნები არიან, ავუხსნათ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ხომ ჩვენთვის, ყველასთვის კეთდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.