კახა კალაძე - ვალების განულების ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თუმცა არ გამოუვათ
ოპოზიცია ცდილობს, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდეს და ქულები ჩაიწეროს, თუმცა ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავალიანების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა.
„600 ათასზე მეტი ადამიანია, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს, ვინც მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ საქმიანობას და ეს მათთვის, მათი ოჯახებისთვის არის ძალიან დიდი ტვირთი. ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს, ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში. სხვათაშორის, ამაზე საუბრობდა ოპოზიციაც. როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ ვმუშაობდით ბანკებთან და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, წინა დღეს, სანამ ამ ინიციატივას გამოვაცხადებით, გამოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ პრობლემა. სურდათ, პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ, თუმცა სასაცილო იყო ეს დადგმული შოუ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დავალიანების განულების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ პრემიერის ხელმძღვანელობით მიიღო, მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„დღეს ვისმენთ ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებებს. პირველ რიგში მათგან, ვინც ბრიფინგზე გვემუქრებოდა და გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო გადაწყვეტილება, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის სიცრუე, თითქოს არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ბანკები ყოველწლიურად ამის ჩამოწერას ახორციელებდნენ და ანულებდნენ. ესეც ძალიან დიდი სიცრუეა. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ და გარკვეული ქულები ჩაიწერონ, თუმცა ეს არ გამოუვათ, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე და მათი მდგომარეობა.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, 3 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეებმა ვებგვერდის საშუალებით გადაამოწმონ ინფორმაცია თავიანთი დავალიანების შესახებ. ასევე, მიმართონ ორგანიზაციებს, რომელთა მიმართაც დავალიანება აქვთ.
„ვალების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბრიდან და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით. მადლობა ყველას, ვინც იყო ჩართული მოლაპარაკებებში: ბანკებს, განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, მათი მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება შესულიყო ძალაში“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება.