კახა კალაძე - 600 ათასზე მეტ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს
ვალების განულებაზე საქართველოს მთავრობის ინიციატივა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ჭარბვალიანობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, ამაზე საუბრობდა იუნისეფი-ს დასკვნაც, რომელიც იცის საზოგადოებამ. მამუკა ბახტაძის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს იყო ამაზე საუბარი. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“. 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.