კახა კალაძე - ვაკის პარკში ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს
თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.
კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის – ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კალაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შადრევანი დაუსრულებელი იყო.
„ტყუილი და სიცრუეა, რომ თითქოს შადრევანი იყო დაუსრულებელი. შადრევანი დასრულებული იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. პროექტი დასრულებული იყო და შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე პირადად მივიდოდი ადგილზე, მიმდინარეობდა ტესტირება. მიმდინარეობდა სანათების გასწორება, წყლის ამოფრქვევების გასწორება და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით განმარტება უკვე გაკეთდა და ყველაფერს გამოძიება გასცემს პასუხს.
„ხელის მართვასთან დაკავშირებით, თქვენ მოგეცათ ახსნა განმარტება. თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი. საერთოდ არ გაინტერესებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა. საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება, გარდაცვლილი ახალგაზრდა. თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ, როგორმე კახა კალაძე გადადგეს. გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები და ააჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, რა ხდება რეალურად, რა იყო პრობლემა, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემებმა და ა.შ.
ვერ გეტყვით, რატომ არ იმუშავა დამცავმა რელემ. ამაზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ, რა იყო ის პრობლემა და მიზეზი, რატომ არ იმუშავა სისტემამ“,- განაცხადა კალაძემ.