კახა კალაძე - ვაკის პარკის საქმეზე თუ საჭირო გახდება, ვინმეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს, ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზად არის, თუმცა უნიჭო შოუებში მონაწილეობას არ აპირებს თბილისის მერია
სწორი უქნიათ, თუ არ მივიდნენ, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში თუ რაიმე კითხვები არსებობს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფრაქციის სხდომაზე მისი მოადგილეების დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი არის, როგორმე შოუ მოაწყონ.
„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი. საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა. მათი მთავარი მიზანი არის, როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ გააკეთონ. ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება. თუ საჭირო გახდება გამოძიებიდან გამომდინარე, რომ ვინმე დასაკითხი იყოს, ვინმეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს, ამისთვის ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი მზად არის, თუმცა ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას ნამდვილად არ აპირებს თბილისის მერია“, – განაცხადა კალაძემ.