კახა კალაძე - ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, სხვა თემაა, ვის რა რესურსი აქვს, პროექტი სამ თვეში წარმოადგინოს
კახა კალაძე - ვაკის პარკის რეაბილიტაციის კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, სხვა თემაა, ვის რა რესურსი აქვს, პროექტი სამ თვეში წარმოადგინოს

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის კონკურსი კანონის სრული დაცვით არის გამოცხადებული და ნებისმიერ ადამიანსა თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ სხვა თემაა, ვის რა რესურსი გააჩნია და რამდენად აქვს შესაძლებლობა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტი სამ თვეში წარმოადგინოს, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ეს მათი პრობლემაა და თვითონ კომპანიების წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ, რომ ისეთი შემადგენლობა ჰყავდეთ, რომელიც ჩვენი მხრიდან წარმოდგენილ პირობაზე მორგებას შეძლებს. დედაქალაქის მერია და მერი არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქალაქისა და დედაქალაქის მთავრობისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებით დედაქალაქის მერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საკმარისია საპროექტო წინადადების მოსამზადებლად სამი თვე, რაც კონკურსში მონაწილე კომპანიებს მიეცათ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ პროექტი მომზადდეს, დაახლოებით, 500 000 ლარია გამოყოფილი და დედაქალაქის მთავრობის მიერ სპეციალურად შეიქმნა კომისია, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მხოლოდ მერის ან ქალაქის მთავრობის მიერ არ ყოფილიყო მისაღები.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან, რომლებიც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ნაკვეთებს ფლობენ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში არის მცდელობები, მუნიციპალიტეტს გარკვეული დისკომფორტი შეუქმნან. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი დაინტერესებული უწყება, ვისაც ამ მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა შეუძლია და ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იქ ვერასდროს ვერაფერს ააშენებენ, რადგან ეს ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაა.

„დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული, მაგრამ თბილისის მთავრობამ ნაკვეთების გამოსყიდვაზე მუშაობა დაიწყო, რათა დიღმის ტყე-პარკი დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახდეს. ჩვენ მზად ვართ, ნაკვეთები გამოვისყიდოთ და მესაკუთრეებს ადგილმონაცვლეობა შევთავაზოთ, რომ მათი ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული. მოლაპარაკებების პროცესში, ამ მომენტისთვის პრობლემები არ შეგვქმნია. კანონის ფარგლებში, ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს ტერიტორიები ქალაქს დაუბრუნდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.