დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხიდის რეაბილიტაცია სასწრაფოდ იყო დასაწყები.
„ეს ხიდი აშენებულია თუ არ ვცდები 1974-76 წლებში და მას შემდეგ არანაირი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. 2015-2016 წლებში ჩატარებულია მთელი ქალაქის მაშტაბით არსებული ხიდების კვლევა და ავარიულობის მიხედვით არის პრიორიტეტები განსაზღვრული, თუ რომელი უნდა გაკეთდეს. ეს ხიდი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აუცილებელი იყო სამუშაოების ჩატარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობაა გათვალისწინებული, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.
სამუშაოებიდან გამომდინარე ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით. დროებით შეიცვალა ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
ვახუშტის ხიდის ავარიულობის ხარისხი 2015 წელს, თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ხიდების კვლევის მიხედვით დადგინდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება.