რამდენიმე ტიპის პრობლემაა დედაქალაქში. ერთი სანიაღვრე სისტემის პრობლემა და მეორე ის, რომ სადაც სანიაღვრე სისტემა გაკეთებულია, არის ნაგვის პრობლემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნივერსიტეტის ქუჩაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ის ტერიტორია მოინახულა, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.
„უხვი ნალექის გამო გარკვეული პრობლემები იყო დედაქალაქში, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებულია. ჩვენ ვიმყოფებოდით უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც იყო სერიოზული დატბორვა, დაზიანდა ავტომობილები და ფაქტობრივად წყლით დაიტბორა მანქანები. მოვახერხეთ მათი გამოყვანა. მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. გლდანში, ახმეტელის მეტროსთან იყო სერიოზული პრობლემები. მოხდა წყლის ამოტუმბვა და ამ დროისთვის პრობლემა არსად არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საპატრულო პოლიციამ პრევენციისთვის ჩაკეტა ვერეს ხეობის ახალი გზა, თუმცა პრობლემა არც იქ არის.
კახა კალაძის განმარტებით, სანიაღვრე სისტემის მხრივ დედაქალაქში რამდენიმე ტიპის პრობლემაა.
„ერთია სანიაღვრე სისტემის პრობლემა და მეორე ის, რომ სადაც სანიაღვრე სისტემა გაკეთებულია, იქ არის ნაგვის პრობლემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ქუჩაზე იყო ნაგვის პრობლემა, რადგანაც სანიაღვრეები შარშან იქნა გაკეთებული, თუმცა დაგროვილი ნაგვის გამო, წყლის ნაკადს ვერ ატარებდა სანიაღვრე სისტემა, ამიტომ მოხდა ჭის თავების ახდა და პრობლემაც მოგვარდა. ინფრასტრუქტურულ პროექტებს როდესაც ვახორციელებთ, ყველა პროექტის დროს ვაკეთებთ კანალიზაციის პროექტს და სანიაღვრე სისტემას, შესაბამისად ამის გარეშე დღეს დედაქალაქში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ ხორციელდება და არც განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.