კახა კალაძე - უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურად კორონავირუსით ბევრი ადამიანი ინფიცირდება.
მისივე თქმით, ყველამ ერთად საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს აცრასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, თუ ვნახავთ ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ინფიცირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გარდაცვალება გვაქვს და ყველა ეს აუცრელი ადამიანია. სახელმწიფომ ყველანაირად იზრუნა იმისთვის, რომ ვაქცინები მოემარაგებინა, შემოეტანა და ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ ავიცრათ, ესაა ყველაზე კარგი საშუალება, რომ სიკვდილისგან გვიხსნას. ყველა, მთელი ევროპული ქვეყნები იცრება და აქაც, მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა და უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, პანდემიასთან დაკავშირებით სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს – სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის.
მისი თქმით, დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველა პასუხისმგებელია და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება ევალებათ.