კახა კალაძე - უნდა იყოს ღია კაფე-ბარები, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს
კახა კალაძე - უნდა იყოს ღია კაფე-ბარები, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს

არავის ვეწინააღმდეგებით, გარეთაც უნდა დაიდგას მაგიდები, უნდა იყოს ღია კაფე-ბარები, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გარე კაფეების მეპატრონეთა ნაწილის პროტესტს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით ბიზნესის მიერ სავალ ნაწილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო, ზოგიერთ ქუჩაზე ქვეითების გადაადგილება შეუძლებელია. თბილისის მერი განმარტავს, რომ მერია კაფე-ბარების მეპატრონეებს მაგიდების გარეთ განთავსებას არ უკრძალავს, თუმცა საჭიროა, აღნიშნული ბიზნესი გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოექცეს.

„ჩვენ გვინდა წესრიგი ქალაქში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რაც ხდება დღეს ქაოტურად, თუნდაც გარეთ გამოტანილი ტერასები, ამის გამო ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, ნორმალურად გაიაროს. ამის ნათელი მაგალითი იყო ახალი აღმაშენებელი, თუმცა დღეს იქ უკვე მოწესრიგებულია ყველაფერი. შეუძლებელი იყო, აღმაშენებელზე ორ ადამიანს ერთად გაევლო, იმდენად გამოსული იყო გარე მაგიდები ტროტუარებზე. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა გარეთაც უნდა დაიდგას, უნდა იყოს ღია კაფე-ბარები, მაგრამ წესრიგი სჭირდება ყველაფერს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, გარე კაფეების მეპატრონეებს გონივრულ ვადაში საიჯარე დოკუმენტაციის და ესკიზების წარმოდგენა ევალებათ, რის განთავსებას გეგმავენ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემთხვევაში კი მათ შეუფერხებლად მუშაობის საშუალება ექნებათ. გარე კაფეების მფლობელთა ნაწილმა მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ უკმაყოფილება გასულ კვირას გამოთქვა.