კახა კალაძე - უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ, მიუხედავად მუქარებისა, ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს
კახა კალაძე - უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ, მიუხედავად მუქარებისა, ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს

უკვე მესამედ აცხადებენ, რომ საქართველოს დაფინანსებას შეუწყვეტენ. მიუხედავად ამ მუქარებისა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველო დღეს იქნება განხილვის საგანი, ჩემი შეთავაზებაა, შევწყვიტოთ პროგრამების ნაწილის მხარდაჭერა, მთავრობის ნაცვლად, 120 მილიონი ევროთი დავეხმარებით სამოქალაქო სექტორს“.

კალაძის თქმით, ეს სპეკულაციური განცხადებაა.

„მსგავსი განცხადება არაერთხელ მოვისმინეთ და მერამდენედ შეწყვიტეს ეს დაფინანსება? უკვე მესამედ აცხადებენ ამას. გავიგეთ. მიუხედავად მუქარებისა, ყოველთვის გავატარებთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. გვერდით რომ გადავდოთ ეს პოლიტიკური სპეკულაციური განცხადებები, რომლებიც სიცრუით არის გაჟღენთილი, ყველა პარამეტრით საქართველო წინ მიდის. ნახეთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები, სტატისტიკები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ევროინტეგრაციის გზაზე აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გავხდეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საკითხზე გამოძიება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით ჩატარდეს, კალაძის თქმით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა გაყალბების ფაქტები ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

„სავარაუდო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით ცესკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას. არჩევნების დღიდან მოყოლებული, ოპოზიციამ რაც გაიგო, რომ პირწმინდად დამარცხდნენ, საუბარი დაიწყეს გაყალბებაზე. გვეუბნებოდნენ, უამრავი ფაქტი არსებობსო, თუმცა დღემდე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება. პროკურატურამ კონკრეტული ადამიანებიც დაიბარა და, რეალურად, ფაქტები არ წარმოუდგენიათ. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები და საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი, აირჩია მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.