კახა კალაძე - უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გასაკვირი არაფერია, რადგან პირდაპირ საუბრობენ რევოლუციებსა და გადატრიალებაზე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გასაკვირი არაფერია.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პირველად გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობაზეც იყო საუბარი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია ფიგურირებდნენ, თუმცა, მისი ნამდვილობა დადასტურდა.
„პირველად გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობაზეც იყო საუბარი, სადაც ქართველებს დედას აგინებენ სააკაშვილი და მისი ბიძა. თუმცა, ამ საუბრის ავთენტურობა დადასტურდა. ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია. ვიცით, ამ ადამიანების განვლილი ცხოვრება, ამ ადამიანების საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება, არსებული ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. პირდაპირ საუბრობენ რევოლუციებზე, გადატრიალებაზე, რატომ გვიკვირს, არ მესმის“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძეს აღნიშნული ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ შეაქვს.
„ნამდვილად არ შემაქვს ეჭვი იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა, მათი საუბრებიდან და ინტერვიუებიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება ისმენს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.