კახა კალაძე - უკანონოდ აშენებულ შენობაში მცხოვრებთ, განსაკუთრებით კი, ბავშვიან ოჯახებს თბილისის მერია ქუჩაში არ დატოვებს და ყურადღებას მიაქცევს
იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ აშენებულ შენობაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით კი ბავშვიან ოჯახებს, თბილისის მერია ქუჩაში არ დატოვებს და ყურადღებას მიაქცევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და უკანონო მშენებლობების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
კალაძის თქმით, სახელმწიფო მიწის მიტაცება და მასზე უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.
„სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების დატაცება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკანონობა ვერ დაკანონდება. განსაკუთრებით, მინდა მივმართო ბავშვიან ოჯახებს: ვინც დღეს უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, რომ უყურადღებოდ არ დარჩებით. პირველ ეტაპზე, ქირით გაგიყვანთ. თუ მართლა უსახლკარო ხართ, დაგეხმარებით საბუთების შეგროვებაში, მიიღებთ შესაბამის სტატუსს და შემდეგ, მუნიციპალური საცხოვრისი გადმოგეცემათ. მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა და მცდელობისა, რომ დაგვაბრალონ ის, რასაც არასდროს ვიკადრებთ, ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ბავშვის ინტერესს გვერდზე გადადებს. ჩვენთვის ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლი არ აქვთ, პირველ ეტაპზე, რაიონული გამგეობები ეხმარებიან და ისინი ქირით გაჰყავთ. შემდეგ კი უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მათ მუნიციპალური ბინებით დააკმაყოფილებენ.
„არაერთხელ გავაკეთეთ განცხადებები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის, ვისაც უჭირს, საცხოვრებელი არ აქვს, უსახლკარობის სტატუსი აქვს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოგცეთ იმის შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში იცხოვროთ. გვაქვს პროგრამები, რომლითაც მოქალაქეები დროებით გაგვყავს ქირით. პარალელურად კი, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მათ მიიღონ უსახლკაროს სტატუსი, თუ ნამდვილად უსახლკაროა. არ მაქვს საუბარი ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც სამ-სამი ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი სახლები აქვთ. მე ვსაუბრობ მათზე, ვისაც ნამდვილად არ აქვს სახლი. არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე. ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი. ჩვენ უკვე გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა დაკმაყოფილდება ბინით. მე ჩემს წინასაარჩევნო დაპირებას შევასრულებ. პროცესი უკვე დაწყებულია. მიმდინარე თვეში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, მერიის ყველა თანამშრომელი და გამგეობა მზადაა, უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს.
„არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ტყუილად არ დახარჯოთ თანხები მშენებლობაში. ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი მოხდება. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ თავი მძიმე მდგომარეობაში არ ჩაიგდოთ. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დემონტაჟი თავად განახორციელოთ და მასალა არ გაგიფუჭდეთ. მერიის ყველა თანამშრომელი და გამგეობა მზადაა, უსახლკარო ადამიანებს დაეხმაროს. მინდა, სამგორის რაიონის გამგებელს მადლობა გადავუხადო, რადგან მისი მხრიდან სწორი ახსნა-განმარტება გაკეთდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ აქვე, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა, რომლებიც უკანონო მშენებლობების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და აღნიშნა, რომ ისინი უკანონობას ახალისებენ.
„სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მინდა, მივმართო ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით რას აკეთებთ – თქვენ პირდაპირ ახალისებთ უკანონობას. ხვალ, ზეგ თქვენთან მოვლენ, თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.