კახა კალაძე - უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია
უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებს, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, არავინ შეხებია, – თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
კახი კალაძის განცხადებით, უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც დღეს განხორციელდა, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, განთავსებულია უკანონოდ აშენებული სხვა ობიექტები, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, თუმცა მათი დემონტაჟი არ მომხდარა.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მშენებარე შენობა-ნაგებებობში არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს და ამ ადამიანებს არავინ შეხებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.
„მინდა, ხაზი გავუსვა, იმას რომ სანამ ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდებოდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას ადგილზე, მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი. შემდეგ უკვე ოფიციალურად გავაკარით შეტყობინებები ამ მშენებარე ობიექტებზე, სადაც ეწერა, რომ ეს იყო უკანონო მშენებლობა, ეს იყო უკანონოდ მიტაცებული სახელმწიფო მიწები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო დემონტაჟი, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმალურად მხარში უდგას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ოჯახებს, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი, კონკრეტული რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათი ქირით გაყვანას, რისთვისაც ყოველწლიურად დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარი იხარჯება.