კახა კალაძე - უკანონო მშენებლობები სერიოზული პრობლემა იყო, რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ასეთი მშენებლობების აღკვეთის საშუალებას მოგვცემს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც 2017 წელს, დედაქალაქის მთავრობაში მუშაობის დაწყებისას წააწყდნენ, უკანონო მშენებლობები იყო.
კალაძის თქმით, უკანონო მშენებლობებისთვის გაამკაცრეს რეგულაციები, რამაც აღნიშნული სფერო ვერ მოაწესრიგა, რის შემდეგაც უკვე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
„უკანონო მშენებლობები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო. 2017 წელს, როდესაც აგვირჩიეს და დავიწყეთ მუშაობა დედაქალაქის მთავრობაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც შევეჩეხეთ, იყო უკანონო მშენებლობები. გავზარდეთ ჯარიმები, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ამ სფეროს მოწესრიგება. ამის შემდეგ, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. დაჯარიმების შემდეგ, თუ იგივე კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოგვცემს შესაძლებლობას, დედაქალაქში აღიკვეთოს ასეთი მშენებლობები. ეს მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოხდეს თუნდაც ჯარიმის გამოწერა. თბილისში ეს ძალიან კარგად იყო აწყობილი და კარგად მუშაობდა, რეგიონებსაც მიეცემათ ამის შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.