კახა კალაძე - უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, როგორც პოლიტიკოსს, მისი მესმის, თუმცა როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯი იყო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ იყო.
ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „საერთაშორისო გამოხმაურებებით 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვენ, სრულად შესრულებაში რურუას გათავისუფლებას გულისხმობენ?“.
„მაგას მიიჩნევს ოპოზიცია, 8 მარტის შეთანხმებას რაც შეეხება, იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ იყო“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას, კალაძე ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.
„ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც მისი მხრიდან იქნა მიღებული და განმარტება გუშინ გააკეთა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. როგორც პოლიტიკოსს, მე მესმის მისი, თუმცა როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მე ახლაც მგონია, რომ ეს იყო არაპოპულარული ნაბიჯი. დანარჩენი სხვა, შეთანხმებას რაც შეეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა კალაძემ.