კახა კალაძე - უგულავას ინიციატივის პერსპექტივას ვერ ვხედავ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტი ძალაა, ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები გამოიყენოს და შემდეგ მიაგდოს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს პატარა ოპოზიციური პარტიები.
„ამასთან დაკავშირებით ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შეჭამოს სხვადასხვა პატარა ოპოზიციური პარტიები, თავის საკეთილდღეოდ გამოიყენოს და შემდეგ მიაგდოს. არაერთი მაგალითი გვინახავს ამასთან დაკავშირებით, იმ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ბულინგი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ ეთანხმებოდა ან ეწინააღმდეგებოდა მათ წინადადებებს. როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, აბულინგებდნენ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ პროექტი თავიდანვე განწირულია წაგებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.