კახა კალაძე - უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ, ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ
კახა კალაძე - უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ, ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ

როგორ ფიქრობთ, ადამიანებს ვინმე უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ გახანგრძლივდა პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის პროცესი და იყო თუ არა ხელისუფლების მიზანი, 20 ივნისს პარლამენტის წინ მწვანე კედელი ყოფილიყო აღმართული, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას სერიოზული პასუხი არ სჭირდება.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანებს ვინმე უზღუდავს თავისი პროტესტის გამოხატვას? ეგ ხომ შეუძლებელია, ჩვენ ეგ წლები, ყველამ ერთად, წარსულს ჩავაბარეთ. უამრავი სივრცეა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროტესტი გამოხატონ და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს. დედაქალაქის მერიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს იმ კანონის გათვალისწინებით, რაც არსებობს, რომ ვინმეს დართოს ნებართვა ან აუკრძალოს აქციის გამართვა. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლებამოსილება, ეს არის მათი უფლება, ჩაატარონ აქცია იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მოითხოვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის შენობის წინ რეაბილიტაციის პროცესს, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველას შეუძლია მიბრძანდეს და ნახოს რა ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები.

„ჩვენ პრობლემები გვქონდა პანდემიის დროს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სამუშაოები ჩვეულ ტემპით ვერ მიმდინარეობდა. დღეს შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ტემპით, ეს ტერიტორია ივლისის ბოლოს მთლიანად იქნება დასრულებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.