კახა კალაძე - უახლოეს მომავალში დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვისაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს
უახლოეს მომავალში დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვისაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და მთავარია, კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება.
„უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იმ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა, ვისაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს.
შევარჩევთ პირს, რომელსაც მხარდაჭერას გამოვუცხადებთ. რა რესურსიც გაგვაჩნია ჩვენი მხარდამჭერების – ასეთი ძალინ ბევრია, მათი მხარდაჭერა ექნება კანდიდატს.
მთავარია, ის იყოს დამოუკიდებელი და არა რომელიმე პარტიის კუთვნილება, ესაა პრინციპულად მნიშვნელოვანი და ცალსახა. კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს, ამისთვის დრო არის და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა მედიას კახა კალაძემ.