კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებულია
თბილისის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი დაზიანებულია და მას ნაპრალები აქვს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის არასწორი ინფორმაცია, რომელმაც გუშინ საზოგადოება პანიკაში ჩააგდო. მისი თქმით, მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.
კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დასკვნა დაიდება ხიდის მდრადობასთან დაკავშირებით.
„გუშინ, ცხელ ხაზზე ზარები არ წყდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ტყუილი და მინდა, მოვუწოდო ამ კონკრეტულ ჟურნალისტს, რომელმაც ხალხი პანიკაში ჩააგდო, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. როდესაც ჟურნალისტი ხარ, მეტი პასუხიმგებლობა უნდა გქონდეს. როდესაც მტკიცებით ფორმაში ამას საუბრობ, არწმუნებ საზოგადოებას, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და უნდა დაინგრეს, მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად მეტროთი, კეთილი უნდა ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დასკვნებს. ხიდს არანაირი ნაპრალები არ აქვს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, – განაცხადა კალაძემ.