კახა კალაძე - ტყუილია, თითქოს სტრიტ არტის მიმართულებით ჯარიმები იქნება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს სტრიტ არტის შემქმნელების მიმართ ჯარიმების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. თბილისის მერმა ისაუბრა კანონპროექტზე შენობა-ნაგებობების კედლებზე საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. კახა კალაძის თქმით, სწორედ მათ მიერ ინიცირებული ამ კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება.
კახა კალაძე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანი შენობა-ნაგებობებზე წლობით არებული ძველი პოსტერებისა და განცხადებების ნარჩენების პრობლემის გადაჭრაა.
„ათეულობით წელია, თბილისის იერსახეს პირველ რიგში, ძეგლის სტატუსიან შენობებს და ეს არ ეხება მხოლოდ ისტორიულ ძეგლებს, ზოგადად, შენობა-ნაგებობებს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. ნებისმიერმა თქვენგანმა შეიძლება ნახოს უკვე არარსებული პარტიების პოსტერებიც კი, არარსებული დაწესებულებების სარეკლამო განცხადებების ნარჩენები. მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა.
როდესაც ამ კანონპროექტზე დავიწყეთ მუშაობა, დეტალურად გავიარეთ, ამაში პარლამენტიც ჩართული იყო. ჩვენი ინიცირებულია ეს ცვლილებები და მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ ამ თემას მიაქცია ყურადღება. მალე გვექნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კანონი, რომელიც ჩვენი ქალაქების სილამაზესა და სისუფთავეს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ხელს უწყობს და კვლავაც შეუწყობს სტრიტ არტის განვითარებას.
„არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონი ფარგლებში, თითქოს ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ არტების და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. გულდასაწყვეტია, რომ მედიასაშუალებებიდან ბევრს შეიძლება, არც კი ჩაუხედავს, ამ კანონში რაზეა საუბარი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ეს არის ტყუილი ინფორმაცია, არასწორად ხდება ამ კანონის ინტერპრეტაცია.
ჩვენ პირიქით, ვართ ადამიანები, ვინც ხელს უწყობს სტრიტ არტის განვითარებას და ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობელი ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით. იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელსა და სივრცეს გაახალისებენ. ჩვენი მხრიდან, იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.