კახა კალაძე - ტყუილია, თითქოს გახმოვანების სისტემა მოიპარეს, რაიმე მორალური გრძნობა თუ აქვთ, მოუხადონ ბოდიში „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს
კახა კალაძე - ტყუილია, თითქოს გახმოვანების სისტემა მოიპარეს, რაიმე მორალური გრძნობა თუ აქვთ, მოუხადონ ბოდიში „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს

დასუფთავების სამუშაოების დროს, ადგილზე არც ერთი ადამიანი არ იყო, ვინც პასუხისმგებელი იყო ან იტყოდა, რომ ეს არის მათი. როგორც კი სცენას გამოუჩნდა პატრონი, მაშინვე მოხდა მისი დაბრუნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოსთან მივიდა.

„უპასუხოდ ვერ დავტოვებდი ამ უტიფარ და უპასუხისმგებლო განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსებისგან. ცდილობენ, რომ სახელი შეულახონ დედაქალაქის მერიას და მის სამსახურებს. დასუფთავების სამსახური ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას. ყოველდღიურად განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს და მოსახლეობას ემსახურებიან.

დღეს როდესაც სამუშაოები ხორციელდება, ადგილზე არც ერთი ადამიანი არ იყო, ვინც პასუხისმგებელი იყო ან იტყოდა, რომ ეს არის ჩვენი. როგორც კი მას გამოუჩნდა პატრონი, მაშინვე მოხდა მისი დაბრუნება“,-  განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ტყუილია, ის რომ დედაქალაქის მერიამ და მისმა სამსახურებმა მოიპარა გამახმოვანებელი სისტემა. კალაძე თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელბისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს დედაქალაქის მერიამ და მისმა სამსახურებმა მოიპარა გახმოვანების სისტემა. ეს არის დიდი ტყუილი და თუ ამ ადამიანებს რაიმე მორალური გრძნობა აქვთ, მოუხადონ ბოდიში თბილსერვისს და აქ მომუშავე ადამიანებს. ეს არის დიდი ტყუილი, თითქოს დინამიკები წაიღეს.

„თბილსერვისი“ ახორციელებს ტერიტორიის დასუფთავებას. რაც შეეხება ჯებირებს, ამაზე მოთხოვნა კეთდება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში და ადმინსიტრაცია გამოყოფს ჯებირების რაოდენობას იმის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობაც აქვს“,- განაცხადა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ სცენა და ჯებირები მოიპარა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა.

ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს „თბილსერვის ჯგუფში“. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, გახმოვანების აპარატურა კი ჯგუფს ადგილზე არ დახვედრია.