კახა კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან, ეს არის დიდი სიბოროტე, როდესაც ცრუ ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება
მინდა, შევეხო ერთ ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებით მიზანმიმართულად გავრცელდა, თითქოს მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და მისი საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ტყუილი, არასწორი ინფორმაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით გააკეთა უკვე განმარტებები და საზოგადოებას უთხრა სიმართლე.
„უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ვერ წარმომიდგენია, თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად და იმისთვის, რომ გამაშავოთ პირდაპირ მე. გაქვთ ამის მცდელობა და, რა თქმა უნდა, აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემ მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ, ზუსტად ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუე და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს იყო ძალიან დიდი ბოროტება. დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციებს მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებთ.
ამ საკითხზე მე მომმართა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“, რომ მიმეცა ნებართვა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოეპოვებინათ, რომელიც შოვიდან ჩემი ოჯახის გამოყვანას ასახავს. რა თქმა უნდა, მე მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური აქტივისტი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული ბოროტება დაგმო. იყო უამრავი ჟურნალისტი, რომელიც ოპოზიციურ ტელეარხებში მუშაობს და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო ძალიან დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. იყო ასევე ბევრი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია და მათაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს, რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის და ჭორის გავრცელება. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან აქ ნამდვილად არაფერ შუაში არ არის, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ასეთი ბოროტება ანგრევს და აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ხვალინდელ დღეს. დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება.
„ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია, გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმანეთთან. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი ერთმანეთს, ზიზღის ნაცვლად, სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად. ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.