კახა კალაძე - ტყუილად ირჯებით, ბატონებო, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას
კახა კალაძე - ტყუილად ირჯებით, ბატონებო, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას

ტყუილად ირჯებით, ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, ახალი არავისთვის არ არის. არც იმის სჯერა ვინმეს, რომ „რუსთავი2“-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება.
ამ ფონზე, ძალიან უსუსურად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.
ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს“, – აღნიშნავს კახა კალაძე.

მისი თქმით, ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება.

„ამიტომ, ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას. თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, რომლის განხორციელებაშიც, ბუნებრივია, ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია, აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს. ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.