კახა კალაძე - „ტვ პირველს“ სასამართლო აქვს წაგებული ჩემთან და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურისა და ტყუილის, რაც იკადრეს
კახა კალაძე - „ტვ პირველს“ სასამართლო აქვს წაგებული ჩემთან და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურისა და ტყუილის, რაც იკადრეს

სასამართლო გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურისა და ტყუილის, რაც იკადრეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ტვ პირველს“ მოუწევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

მისივე განმარტებით, აბსურდია ტელეკომპანიის მიერ გამოთქმული ვარაუდი, თითქოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების შეტანა ძვირად ღირებული საათების დეკლარაციაში ასახვის შესახებ ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება.

„ვიდრე რაიმეს იტყვით, უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ ტელევიზია და გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენ მიერ იყო გასაჩივრებული ყველა ინსტანციაში, გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში თქვენგან იყო ნული რეაგირება. არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ. შესაბამისად, გიწევთ პასუხისგება. თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა დაუკავშიროთ ყველაფერს, ისევე როგორც ჩიტაძის ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ და აქციებს დაუკავშირეთ, პარლამენტის წინ ტერიტორიის მოწესრიგება დავიწყეთ და ასევე აქციებს დაუკავშირეთ. ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. პირველ რიგში, უნდა უარყოთ და მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.