კახა კალაძე - თუ ვინმე კანონს გადაცდება, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად
თუ ვინმე კანონს გადაცდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, განახორციელებს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანაში არეულობა.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანაში არეულობა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა.
ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს, რა მოუტანა ქვეყანას დაპირისპირებამ, სისხლისღვრამ, სამოქალაქო ომებმა და ა.შ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ვერავინ გაბედავს იმას, რომ ქვეყანაში შემოიტანოს ასეთი ქაოსი.
ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს, ამ არჩევნებზე, გასულ არჩევნებზე, ქონდათ შესაძლებლობა იმისა, რომ მოსახლეობასთან ყოველგვარი პრობლემების გარეშე წარმოედგინათ თავიანთი ხედვები, ქონოდათ კომუნიკაცია, ჩაეტარებინათ წინასაარჩევნო კამპანია კანონის ფარგლებში.
გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვინმე კანონს გადაცდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტი, მისი თანაგუნდელები, სახელმწიფო და მთავრობა რა თქმა უნდა განახორციელებს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, პირველი შემთხვევა არ არის , როდესაც ვისმენთ ასეთ განცხადებებს. გადატრიალებების მცდელობები ქვეყანაში, ქაოსი, ეს იყო 2016 წელს, 2017 წელს ყველა არჩევნების დროს .
ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად გამჭვირვალედ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან გარემოში მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის ჩააბარებს ჩვენი ქვეყნის ბედს სამომავლოდ. ძალიან მარტივია ქვეყანაში არსებობს კანონი, არსებობს შესაბამისი სამსახურები, თუ კი იქნება რაიმე კანონის გადაცდომა შესაბამისი იქნება ანალოგიური ქმედება“, – განაცხადა კალაძემ.