კახა კალაძე - თუ საჭიროება იქნება, შესაბამის უწყებებთან ყველა ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს
საჭიროების შემთხვევაში, ყველა ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა კითხვაზე, უნდა გამოიკითხოს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
„ამასთან დაკავშირებით, უკვე გავაკეთე განცხადება და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება. რაც შეეხება გამოძიებას, თუ, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება იქნება, ყველა ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, კალაძე ამბობს, რომ ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.