კახა კალაძე - თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში
არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების დაანონსებული გაფიცვის შესახებ საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, თუკი მემანქანეები გაიფიცებიან, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავენ.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს. ამ ეტაპზე, არავჯთარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 1400 დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასები, 45 პროცენტით მოვუმატოთ ანაზღაურება. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, ადამიანები რომლებსაც ოთხჯერ დაბალი ხელფასები აქვთ, მათ რა უნდა ვუპასუხო. ამიტომ, მე არ და ვერ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემ ქალაქს და დააზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში. რაც ეს პროცესი დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და კომპანია კანონს არ გაცდენია. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დროებით შეუჩერა გაფიცვის უფლება, რადგან ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს არ აქვთ უფლება გაიფიცონ. თუმცა, თუ ისინი მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ჩვენი მხრიდან იქნება განხორციელებული ყველა ის მიმართულება, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება. ეს იქნება ხელფასების დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთობა 2013“-ის წევრები აცხადებენ, რომ ხვალიდან მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ. აქციაზე განაცხადეს, რომ გაფიცვა დილის ექვსი საათიდან დაიწყება. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ. მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.