კახა კალაძე - განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით. გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, არც ერთი გადაწყვეტილება პარტიასა და პარლამენტში, მათ შორის ჭიჭინაძის შესახებ, არ მიღებულა მსჯელობის გარეშე.
„განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ უნდა ვაკადროთ ერთმანეთს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.