კახა კალაძე - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიან, დაჩქარებულ სერვისებს შემოვიღებთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება, – ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს დაავალა.
„ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია, ახალი სერვისები დავამატოთ, რომლებიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა. ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა – არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი – სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ვადაგადაცილებულ განცხადებებზე ისაუბრა, რომელთა ოდენობაც 2017 წელს დაახლოებით 800-ს შეადგენდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამსახური გამართულად მუშაობს და განცხადებებზე დროული პასუხების გაცემა ხდება.
„საზოგადოებას ახსოვს, როდესაც 2017 წელს მოვედით მერიაში, ძალიან ბევრი მიმართულებით იყო პრობლემა. მათ შორის იყო ურბანული საკითხები, რადგან ამ მიმართულების სამსახური ცალკე არ გვქონდა და არქიტექტურის სამსახურთან იყო შერწყმული. მოქალაქეები შემოტანილ განცხადებებზე დროულ პასუხებს ვერ იღებდნენ. იყო დიდი უკმაყოფილება, რადგან დაახლოებით 800-მდე ვადაგადაცილებული განცხადება იყო, რომელიც საჭიროებდა სამსახურების პოზიციების შეჯერებას, გადაწყვეტილების მიღებას და დარღვეული იყო პასუხის გაცემის ვადები. ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მიხარია, რომ დღეს ეს მიმართულება გამართულად მუშაობს და ვადებში ხდება პასუხების გაცემა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა კახა კალაძემ.