კახა კალაძე - ტრამვაის ხაზების გაყვანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ღირებულების განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება, შევძლებთ თუ არა ასეთი პროექტების განხორციელებას
თბილისის მერია ტრანსპორტის საკითხზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ტრამვაისა და საბაგირო ხაზებთან დაკავშირებით.
თუმცა, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტრამვაის ხაზების გაყვანა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა მსგავსი პროექტი.
„ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც ტრამვაის ხაზებთან დაკავშირებით, ასევე სად შეიძლება საბაგირო ხაზების გაკეთება. საბაგიროს საკითხზე უფრო წინ ვართ და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, სად შეიძლება ასეთი პროექტის განხორციელება. რაც შეეხება ტრამვაის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა. თბილისში იყო ტრამვაის ხაზები და იცით, წლების განმავლობაში რაც მოხდა, სამწუხაროდ, აიღეს. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ასეთი პროექტების გაკეთებას. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როდესაც იქნება დათვლილი და გვეცოდინება სავარაუდო ღირებულება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.