კახა კალაძე - თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ იცოდეთ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს და პარტნიორები ვიყოთ. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები და ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ზოგიერთი უცხოელისგან ის დამოკიდებულება, რაც ბოლო თვეების განმავლობაშია, ჯანსაღი პარტნიორობა არ არის.
„ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი ურთიერთობები, სხვა სახელი ჰქვია და ქართველი ხალხი ამას ხედავს. რომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდით, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის? თქვენ არ იყავით, სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, ევროპულ ღირებულებებს შორდებითო? ეს არის დემოკრატია და ევროპულობა? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს თქვენი განცხადებებით“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, დღეს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და არა მეორე ფრონტი.
„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტისამთავრობო აქციაზე გამოვიდა, ეს არის ნორმალური? ეს არის ჩვენი თავმოყვარეობა? აბა, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გაეკეთებინათ, რა ბედი ეწეოდა იმ საგარეო საქმეთა მინისტრს. თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები. გვჭირდება ჯანსაღი ურთიერთობები, ამისთვის საქართველო მზად არის, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება იყოს, რაც უკრაინაში, არ გამოვა. ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და ვიცით, რამხელა უბედურება შეიძლება ომმა ქვეყანას მოუტანოს. დღესაც ვერ მოგვიშუშებია ის პრობლემები. აღარ გვინდა არც თქვენი შეშფოთება, გიფრთხილდებით. დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ იცოდეთ ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ, ჯანსაღი ურთიერთობები იყო და პარტნიორები ვიყოთ. დაგვანახეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები და ამ კანონის საჭიროებაც არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.