კახა კალაძე - თეა წულუკიანის მიმართ არაერთი მძიმე შემოტევა ვნახეთ და მოვისმინეთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ მას თეა წულუკიანის განცხადება არ მოუსმენია, თუმცა ბევრი ფაქტი არსებობს, როდესაც თავად თეა წულუკიანს და მის ოჯახს თავს ესხმოდნენ და შეურაცხყოფდნენ.
კახა კალაძის განცხადებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
„რაც შეეხება მიყურადებას, ეს ჩემთვის მიუღებელია, ისევე როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა. არ ვიცი, ეს რაღაც ახალი სპორტია. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები შეურაცხვყოთ. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსს ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ვიდრე მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, მე მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენო. მინდა, ყველას მოვუწოდო, მეტი სიყვარული, მეგობრებო!“, – განაცხადა კახა კალაძე.
ცნობისთვის, ჟურნალისტების კითხვას ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალის შესახებ, წულუკიანმა უპასუხა, რომ გარკვეული ტელევიზიის წარმომადგენლები მის სახლშიც შესულან არასრულწლოვნების თანდასწრებით.
„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული? ჩვენც გვყავს პატარა შვილები. „ტვ პირველი“ ჩემს სახლში ბევრჯერ ხართ ბავშვების თანდასწრებით შემოვარდნილებიდა ამიტომ ცოტა ტონს დაუწიეთ. ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა, ეს არის საცოდაობა, სანახაობა კი არ არის. „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან მოტყუებით მიკროფონით არის შევარდნილი სახლებში. თუ ნიკა გვარამიას ჰყავს ოჯახი, სხვებსაც გვყავს და დაიცავით. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე არ გადმოვყრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.