კახა კალაძე - თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესს თამამად არღვევენ, ამიტომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს
ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემების გადასაჭრელად იგეგმება რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს განხორციელება.
“ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციას, რათა გადაადგილების დრო შემცირდეს, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა, ასევე ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ. გვინდა, ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, სუფთა ავტობუსებით, ვაპირებთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას. დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო ამ წესს თამამად არღვევენ, ჯარიმა 20 ლარია და 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
“ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. კიდევ ერთი სიახლეა ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის ნებართვა ეს იქნება სავალდებულო”, – აღნიშნა კახა კალაძემ.